Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

„ოქიტა ვის რა ვარსკვლავი გაუხსნას, იმით არის მხოლოდ დაკავებული“

$
0
0

ცნობილი ქართველი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია, რომელსაც „სოტბის აუქციონის“ კომისია დღემდე ნამუშევრებს უკვეთავს, აღშფოთებას ვეღარ მალავს საქართველოში, კერძოდ სახელოვნებო სფეროში მიმდინარე მოვლენების გამო და ხმამაღლა აცხადებს, რომ ხელოვანი ადამიანების უფლებებს დღეს არავინ იცავს.

ირაკლი ჟვანია:

– დასავლეთის ქვეყნებში, რომლისკენაც დიდი ხანია მივისწრაფვით, არ არსებობს კულტურის სამინისტროები და იქ ფულსაც არ ანაწილებს სახელმწიფო მანქანა. საქართველოში კულტურის მინისტრი, თბილისის მერი, პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები აძლევენ ფულს მხოლოდ მათთან ახლო ურთიერთობაში მყოფ და მთავრობის გარშემო მოტრიალე ხელოვნების მუშაკებს. ეს არის საბჭოთა მოდელი. უცხოეთში არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ ბიზნეს სტრუქტურას, რომელიც სპონსორობას უწევს სხვას, ბიუჯეტში გადასახდელი თანხიდან გარკვეულ ნაწილს აღარ ახდევინებენ.დავუშვათ, მოქანდაკეს სურს, ქანდაკება შექმნას. ის არ არის ვალდებული, მინისტრებთან ირბინოს და ფული სთხოვოს პროექტისთვის. იქ არსებობს ფონდები, სადაც ბიზნეს-სტრუქტურებიდან და სხვა სპონსორებიდან თანხები აკუმულირდება და შემდეგ თავად ეძებენ შემოქმედებით ხალხს, ვისზედაც შეიძლება ეს თანხები დაიხარჯოს. დიახ, იქ ასე, შეთანხმებულად მუშაობენ. ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს დაუკავშირდნენ დანიიდან, გადაუხადეს ძალიან დიდი თანხა მხოლოდ იმაში, რომ გამოფენა მოემზადებინა და ჩაეტანა. როდესაც ჩემმა მეგობარმა იკითხა, კი მაგრამ, რატომ მიკეთებთ ამ ყველაფერს, უპასუხეს – კანონმდებლობის მიხედვით, ბიზნესსტრუქტურები ფულს აგროვებენ და გვაძლევენ ჩვენ, რათა ვიპოვოთ ახალ-ახალი ხელოვანები და დავაფინანსოთო. ასე დემოკრატიულად და სწორად ვითარდება იქ ხელოვნების სფერო. აქ კი, უნდა ეხვეწო კულტურის მინისტრს და თუ მოუნდება მოგცემს, ან არ მოგცემს. უფრო ხშირად, არ მოუნდება მოცემა, რადგან, ბოლო დროს საერთოდ შეწყვიტეს ყველანაირი დაფინანსება. თქვეს, მოდი, ახლა ნურავის ნუ მივცემთ, რადგან ერთს რომ მივცეთ, მერე ათი მოგვადგებაო. ვართ ასე, გამოკიდებულნი ჰაერში მოქანდაკეები, მხატვრები, მუსიკოსები… ბიზნესი ფულს არ გვაძლევს, რადგან ბიუჯეტში სპონსორობის შემდეგ შეღავათს არ უკეთებენ. მაშინ მათ დამატებით უნდა გასცენ ფული და საკუთარ თავს ხომ არ მოაკლებენ!?
– საქართველოში ხელოვნების მუშაკთა უფლებებს, რეალურად ვინმე თუ იცავს, ბატონო ირაკლი?
– არავინ იცავს ჩვენს უფლებებს. ერთადერთი თუ ვინმე ეხმარება ხელოვანებს, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ, ისევ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ყოველთვიურად აძლევს მათ ხელფასებს. ყველას სხვადასხვა ხელფასი აქვს.
– ყველა ხელოვან ადამიანს აქვს დანიშნული ივანიშვილისგან ხელფასი?
– არა, ყველას არ აქვს. მაგას მე შინდლერის სიას ვეძახი. იმ სიაში მოხვედრის კრიტერიუმი არ არსებობს, მაგრამ ეს არის ერთადერთი დახმარება, რომელიც აქვთ კულტურის მუშაკებს. არც პროფკავშირში ჩვენი უფლებების დამცველი ოქიტაშვილი ეხმარება მათ რაიმეში.
– მიმართეთ და უარი გითხართ?
– სიმართლე გითხრათ, არც მიგვიმართავს, რადგან ოქიტაშვილს რომ მივმართოთ, ამ მიმართვის აზრს ვერ ვხედავთ.
– რატომ?
– დავიწყოთ იმით, რომ რა უნდა ქნას დავით ოქიტაშვილმა?! უნდა მივიდეს კულტურის მინისტრთან და დააყენოს საკითხი, ხომ? როგორ გგონიათ, დამყენებელია ვითომ ამ საკითხის? რა თქმა უნდა, არა. თუ არა და, რატომ არ მივიდა მაშინ აქამდე? დავით ოქიტაშვილი არ არის ის კაცი, რომელსაც აინტერესებს კულტურის კანონმდებლობა და სისტემური ცვლილებები ამ სფეროში. ოქიტაშვილი არის კაცი, რომელსაც აინტერესებს საკუთარი თავის პიარი და პოპულარიზაცია. მეტი არაფერი! კიდე… აინტერესებს ვარსკვლავები, რომელსაც უხსნის კულტურის მუშაკებს, რათა მერე, ამ ადამიანებს გვერდით დაუდგეს და ფოტოებზე გამოჩნდეს. ის, ძირითადად დაკავებულია პირადი პიარით და არანაირი სურვილი არ აქვს ინსტიტუციონალურად ისე შეიცვალოს ქვეყანა, რომ ხელოვანმა ადამიანებმა თავი კარგად იგრძნონ. არა მგონია, რომ მას ამ საკითხებზე რაიმე წარმოდგენა მაინც ჰქონდეს, მაგრამ რომც ჰქონდეს, არ ირბენს და არაფერს არ გააკეთებს.
– აბა რა გეშველებათ?
– სხვა გზა არ არის, ეს უნდა გააკეთოს ან ენთუზიასტების ჯგუფმა, ან კულტურის სამინისტრომ. არავინ აყენებს ამ საკითხებს ხელისუფლების მაღალ წრეებთან განსახილველად, თორემ შეიძლება, კვირიკაშვილი მიმხვდარიყო, რომ კანონმდებლობის შეცვლაა საჭირო და ეკონომიკური კანონის მიღება.

 


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles