Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

სპექტაკლი, რომელიც პირველ იანვარსაც ანშლაგით ჩაივლის ანუ –„ჯინსების თაობა“

$
0
0

2001 წლის 19 მაისს თავისუფალი თეატრის სცენაზე პრემიერა შედგა. „ჯინსების თაობა“ – ასე ერქვა სპექტაკლს, რომელმაც 2016 წლის 16 მარტსაც ანშლაგით ჩაიარა.

ყოველ ოთხშაბათს სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები და მათი მშობლები ისეთივე ინტერესით მიემართებიან თავისუფალი თეატრისაკენ ამ სპექტაკლის სანახავად, როგორც ხუთი, ათი და თხუთმეტი წლის წინ.  1a207e02-c3ec-48f1-953a-e7af9b4c3a74

შვიდი წლის წინ პირველკურსელი ლაშა გურგენიძე პარტერში კიბეზე ჩამოჯდებოდა ხოლმე, რომ ეს სპექტაკლი მეოთხედ, ან მეხუთედ ენახა. დღეს კი ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ – დავით მიქაბერიძის როლს თავად ასრულებს.

ამ სპექტაკლზე თაობები გაიზარდა სცენასა და პარტერში. თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ყოფილა დღე, რომ „ჯინსების თაობას“ მაყურებლის ნაკლებობა ეგრძნო. როგორც თეატრის ადმინისტრაციაში ხუმრობენ, ეს არის სპექტაკლი რომელიც პირველ იანვარსაც ანშლაგით ჩაივლის.

ისმის კითხვა – არის კი ეს სპექტაკლი დღეს-დღეობით ქართულ თეატრალურ სამყაროში არსებული სპექტაკლებისაგან ხარისხით მკვეთრად განსხვავებული? რამ განაპირობა სპექტაკლის ასეთი პოპულარობა ამდენი წლის განმავლობაში?

ამბავმა, პირველ რიგში ამბავმა, ამბობენ თეატრის საგრიმიოროში შეკრებილი მსახიობები.

დიახ, ამბავმა, რომელიც სულ რაღაც 30 წლის წინ მოხდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღემდე კამათის საგნად რჩება და ბევრისთვის დღემდე ძალიან მტკივნეულია. დღეს სწორედ მათი აზრის გასაგებად მოვედით – რას ფიქრობენ ისინი, ვინც წლების განმვალობაში „ჯინსების თაობას“ ყოველ კვირა თამაშობენ.

ჩემი ფოტოები (1)„ბავშვი რომ იბადება, მას თავისი ბედი უკვე თან დაჰყვება, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ამბავი, რომელსაც სპექტაკლი გვიყვება, თავისი ბედით იშვა და ალბათ ეს ბედი გადმოვიდა ამ სპექტაკლზეც“ – ასე ფიქრობს მარინა ჯანაშია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, რომელიც უკვე რვა წელია შეურთდა „ჯინსების თაობას“ და გეგა კობახიძის დედას თამაშობს.

წლების განმავლობაში სპექტაკლში ბევრი რამ შეიცვალა – კოსტუმები, დეკორაცია, მსახიობები. ერთის მხრივ დრომ სპექტაკლს სიმძაფრე დააკლო, მეორეს მხრივ კი ახალი სისხლი შემატა.

„ეს სპექტაკლი ისეთ ფენომენად იქცა, რომ დღეს უკვე მგონია,  რომ სანამ იარსებებს თავისუფალი თეატრი, ალბათ იქნება „ჯინსების თაობაც“ და ის არასდროს გახდება მეორეხარისხოვანი.“ – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნათია კვაშალი „ჯინსების თაობის“ ახალბედაა, ჯერ ერთი წელიც არ გასულა რაც თინა ფეტვიაშვილის როლს თამაშობს.

მაყურებელი ძირითადად ახალგაზრდა თაობაა. ისინი ხან იცინიან, ხანაც ცრემლი აქვთ თვალებზე. აქეთ-იქით იყურებიან და ამოწმებენ, როგორი რეაქცია აქვთ სხვებს. იციან, რომ იმ სპექტაკლზე არიან, რომელიც აუცულებლად ნანახი უნდა გქონდეს და რომ მოგეწონოს, ესეც  აუცილებელია.

ჯაბა კილაძე „ჯინსების თაობის“ ვეტერანია. ის გეგა კობახიძის როლს პრემიერის შემდეგ თამაშობს. „ეს სპექტაკლი ხარისხის კუთხით არ უნდა განვსაჯოთ, რადგან ამბიდან გამომდინარე, „ჯინსების თაობამ“ უფრო დოკუმენტური სახე მიიღო. ეს ხომ არ არის კლასიკური დრამატურგია, სადაც უამრავი საშუალება გაქვს. არც საუკუნეების წინანდელი ამბავია, სულ ახლახანს მოხდა. ვისაც ვთამაშობდით, იმ ადამიანების ოჯახის წევრები პრემიერაზე პარტერში ისხდნენ და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. ამიტომ სპექტაკლი, თავიდანვე დიდ ჩარჩოში იყო  ჩასმული, თუმვა ვიცოდით, რომ აუცილებლად ბომბივით გასკდებოდა. თან, ჩვენი ქალაქიც ხომ იცით როგორია, რაიმე ამბავი თუ აგორდა, მერე ყველას აუცილებლად უნდა მოეწონოს.“

დავით დოიაშვილს ამ სპექტაკლის დადგმა ჯერ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სურდა, თუმცა ახლადდანიშნულ სამხატვრო ხელმძღვანელს ამის უფლება არ მისცეს. მას ავთანდილ ვარსიმაშვილმა დაუთმო სივრცე, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ შენების პროცესში იყო. მას შემდეგ სპექტაკლი თავისუფალი თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა.

რეპეტიციებზე ტექსტს ერთად იხსენებენ – სპექტაკლში შესვლისას ახალ მსახიობებს ძველები ეხმარებიან.

1961b500-1209-402a-84e6-df77696db0b4„მე ავთო ვარსიმაშვილმა დამირეკა და თეოდორე ჩიხლაძის როლზე შესვლა შემომთავაზა“ – კახა გოგიძეს სპექტაკლი ნანახი არ ჰქონდა, მაგრამ დათანხმდა. „ამბავი რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს სპექტაკლის წარმატებაში, მაგრამ მთავარი მაინც არის კარგი დრამატურგია, კარგი რეჟისურა და მსახიობების კარგი შესრულება“ – მამა თეოდორეს როლს კახა გოგიძე უკვე რვა წელია თამაშობს.

ხუთი წლის წინ საოცნებო სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი გახდა გიორგი ჯიქია. ის თავისუფალი თეატრის იმ იშვიათ მსახიობებს მიეკუთვნება, რომელმაც სპექტაკლის პრემიერაც იხილა და შემდეგ პაატა ივერიელის როლი თავადაც ითამაშა.  „პრემიერა რომ ვნახე ძალიან მომეწონა და ძალიან იმოქმედა. ეხლა, როდესაც მე თვითონაც შიგნით ვიხარშები, ვერ ვიტყვი რა სახე მიიღო სპექტაკლმა. ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ „ჯინსების თაობა“ ტრენდად ჩამოყალიბდა, თუმცა ამ სპექტაკლს სხვა ღირებულებებიც აქვს.“

ჯაბა კილაძეს ალბათ უკვე აღარც ახსოვს, ამ კოსტუმს მერამდენედ იცმევს და „ჯინსების თაობის“ სათამაშოდ სცენისაკენ მერამდენედ მიემართება. „ფაქტია, რომ მოთხოვნა დღესაც ძალიან დიდია. დადგება დღე, როდესაც ასაკიდან გამომდინარე მეც ვეღარ ვითამაშებ გეგა კობახიძის როლს, მაგრამ მოვა სხვა და ის გააგრძელებს მომავალი თაობებისთვის ამ ამბის მოყოლას.“

5a0c7f16-6628-4830-b20d-bf61f482417f

ახალი თაობა სპექტაკლით ძალიან კმაყოფილია. სიყვარულის, ერთგულებისა და პროტესტის რეალურმა ამბავმა მათზე ძალიან იმოქმედა. დღეის შემდეგ  მათ კიდევ უფრო მეტი იციან „თვითმფრინავის ბიჭების“ შესახებ ვიდრე გუშინ და იქნებ ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

ავტორი – მარადია ცაავა.

The post სპექტაკლი, რომელიც პირველ იანვარსაც ანშლაგით ჩაივლის ანუ – „ჯინსების თაობა“ appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles