Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც მხატვარი იქნებოდა

$
0
0

სილუეტებს ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ, ბავშვობაში აკვირდებოდა. ცხოველები და აფრიკული კულტურა იტაცებდა. დედა სკოლაში ფულს ატანდა ხოლმე, რომ „ბუფეტში“ ფუნთუშები ეყიდა, მაგრამ ის ყოველდღიურ ფულს სახელდახელოდ აგროვებდა და ერთ დღესაც დანა, დურბინდი და ჩანთა შეიძინა – გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აფრიკაში წასულიყო სამოგზაუროდ.

აფრიკაში ვერ იმოგზაურა, მაგრამ დღეს მისი „ავაზა“ ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დანარჩენ ორასამდე ნამუშევართან ერთად არის გამოფენილი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მხატვრის გამოფენის ხილვა აპრილის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი.

04a86b7b-e227-4082-b74c-a07f5ed4242a

სილუეტის წრფელი და დიდი ოსტატი – ასე ახასიათებს მისი მეგობარი, მხატვარი შალვა მატუაშვილი მერაბ აბრამიშვილს. „მისი ხაზი და კონტური ყოველთვის არტისტულია, მეტიც, ისეთი ცოცხალია, რომ გგონია არასდროს გაჩერდება და სულ იმოძრავებს.“

ისიც სულ მოძრაობდა, ფიქრობდა, ეძებდა… ექპსერიმენტებს ატარებდა ხან ზეთის საღებავებზე, ხანაც ხეზე, ხან მუყაოზე…

სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის დაამთავრების შემდეგ სამი წელი ლევან ლაღიძისა და თემურ გოცაძის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში მუშაობდა. ინდივიდუალიზმისაკენ გზის გაკვალვაში პაპაც მიეხმარა. ისტორიკოს გურამ აბრამიშვილს ხშირად ექსპედიციებში დაჰყვებოდა, სადაც სხვა და სხვა ტაძრებში ფრესკების ასლებს ჰქმნიდა და საბოლოოდ მიაგნო გზას, საკუთარ გზას.

მონუმენტური კედლის მხატვრობის, უხარვეზო სილუეტებისა და გამოკვეთილი ინდივიდუალიზმის სინთეზს, რომელსაც ლევკასის ტექნიკის მეშვეობით ასრულებდა.

80 – იანი წლების ბოლოსკენ მისი შემოქმედებითი გზა სწორედ ამ ტექნიკას დაუკავშირდა, საკმაოდ რთულს და შრომატევადს. შრომობდა სულ – სახელოსნოში, სახლში, აგარაკზე, ტელევიზორთან…

„უშრეტი ენერგიითა და წყურვილით იყო სავსე მხატვრობის მიმართ. დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ მაინც მხატვარი იქნებოდა“ – შვილი, ლევან აბრამიშვილი  ჩუმათ შეიპარებოდა ხოლმე სახელოსნოში და საათობით აკვირდებოდა მამას.

შალვა მატუაშვილის თქმით აღმოსავლური მინიაუტირისა და კედლის მხატვრობის სინთეზმა მისი შემოქმედება მრავალშრიანი, მრავალტევადი და მრავალმხრივ აზრიანი გახადა. „მოფიქრალი მხატვარი იყო. ტექნიკაც ასეთი აირჩია –  სიდინჯე და ღრმა განცდა ჭირდებოდა.“  თითქმის მთელი ცხოვრება ერთად იყვნენ. ერთად ხატავდნენ, მუშაობდნენ და დროსაც ერთად ატარებდნენ. „რაინდი – ეს არის ის ერთი სიტყვა, რითიც შემიძლია სრულად დავახასიათო მერაბ აბრამიშვილი.“

მისი შვილი, თავადაც მხატვარი ლევან აბრამიშვილი განსაკუთრებულ გულშემატკივრობას სწორედ მამისგან გრძნობდა. „წარსულის, აწყმოსა და მომავლის სინთეზი – მე ასე ვხედავ მამას შემოქმედებას, რომელიც ძალიან დიდი პროფესიონალიზმის და შრომისმოყავრეობის შედეგია.“

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დამთვალიერებელთა რიგი არ წყდება. გამოფენა 3 აპრილს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კიდევ ათ დღეს გაგრძლდება, რათა კიდევ მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება იხილოს მერაბ აბრამიშვილის „აპოკალიფსი“, „სამოთხე“, „პიანინო“ და რაღა თქმა უნდა „ავაზა“.

მარადია ცაავა

The post დედამიწაზე ერთადერთი ადამიანი რომ ყოფილიყო, ალბათ, მაინც მხატვარი იქნებოდა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles