საინფორმაცია სააგენტო „ინფოლაბი“ დაუკავშირდა პროექტის („ეროვნული სამოსის დღე“) კოორდინატორს – დათა გვასალიას. „ინფოლაბი“ დაინტერესდა პროექტის არსით, როგორ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები და ვინ იღებს ამ დღის შექმნაში მონაწილეობას, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქართველოში და ასევე აუცილებელი:
– ვინ, საიდან, რატომ? იდეა, აზრი, პროექტი?
ჩვენ ვართ საინიციატივო ჯგუფი. მე, პირადად, ვარ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. ჩვენი გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გავერთიანდით ერთი იდეის ირგვლივ. ეს იდეა კი არის ის, რომ საქართველო, როგორც ვეებერთელა ისტორიის მქონე ქვეყანა და ასევე, როგორც თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა, უნდა აღნიშნავდეს „ეროვნული სამოსის დღეს“. ეს არის კულტურული და შემოქმედებითი დღე, რომელიც ხაზს უსვამს ქართულ ღირებულებებს და ნამდვილ ტრადიციებს, რომელიც, ჩვენი აზრით, გადასაფასებელი და გამოსაკვეთია, რადგან საბჭოთა-კლანჭებმა ისიც შეურაცხჰყო თავის დროზე საქართველოში და სწორედ იმ დროს დანერგილი ფსევდო-ტრადიციები დღეს ბევრს ნამდვილ ქართულ ღირებულებად მიაჩნია, რაც ასე არ არის! ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ ამ დღემ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს და დაკანონდეს სახელმწიფო დონეზე, როგორც 18 მაისი – „ეროვნული სამოსის დღე“ – საქართველოში.
– დაწყებიდან დღემდე განვლილი გზა და ეტაპები.
პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2015 წლის სექტემბრიდან. კარგად მახსოვს, ჩვენი ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე მიახლოვებით, მხოლოდ 10 000 მომწონებლისგან შედგებოდა, დღეს კი ის 74 000 მომწონებელზე მეტს შეადგენს და ეს ციფრი დღითიდღე იმატებს. ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ვმუშაობთ დემოკრატიულ რეჟიმში, რა საკვირველია. რაც შეეხება გზას, ჩვენ მზად გვაქვს ოფიციალური მიმართვები საკანონმდებლო ორგანოებში გადასაგზავნად, ასევე ვაგროვებთ ხელმოწერებს პეტიციაზე. კანონმდებლობით, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, საჭიროა 30 000 ხელმოწერა, რათა ეს კანონ-პროექტი განიხილოს და დადებითი პასუხი გაეცეს პარლამენტში, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში არის ინტერესი და თანაც საკმაოდ დიდი.
– რატომ 18 მაისი? და უკავშირდება თუ არა ის 17 მაისს?
„ეროვნული სამოსის დღე“ ჩატარდება 18 მაისს. თარიღი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. 16 მაისს „აწყურის ღვთისმშობლის“ ხატი შემობრძანდება თბილისში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, 18 მაისს კი „ეროვნული სამოსის დღე“. 26 მაისი თავისთავად დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი დღეა, მაისი მთლიანად იქცევა ეროვნულობის სიმბოლოდ საქართველოში. მეორე ფაქტორი 18 მაისის შერჩევისა: 18 მაისი არის „მუზეუმების საერთაშორისო დღე“, ჩვენც სწორედ ცოცხალი მუზეუმის შექმნა გვსურს ამ დღეს, რათა გაცოცხლდეს ეპოქა, კერძოდ ილიას მოღვაწეობის პერიოდი. მესამე ფაქტორი: 18 მაისის შერჩევისას გათვალისწინებულია რისკ-ფაქტორიც. ჩვენ გვსურს რომ 18 მაისს „ეროვნული სამოსის დღე“ დაკანონდეს და გამოცხადდეს უქმე დღედ. შესაბამისად, ვაგროვებთ ხელმოწერებს პარლამენტისთვის. ასევე მზად გვაქვს ორი მიმართვა, რომლის გაგზავნასაც პეტიციასთან ერთად ვგეგმავთ საკანონმდებლო ორგანოებში. თუ პარლამენტმა არ გამოაცხადა 18 მაისი დასვენების დღედ, ანალიტიკური დათვლით, 60 წელიწადში 18 მაისი ყველაზე ხშირად ან შაბათია, ან კვირა, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ხშირად დაემთხვევა უქმე დღეს.
– ეროვნული სამოსის დღე – საქართველოს ყველა ეროვნების?
სახელიც სიმბოლურად შეირჩა. „ეროვნული“ და არა მხოლოდ „ქართული“. ისტორიულად, საქართველო ყოველთვის იყო მულტი-ეროვნული ქვეყანა. ამას ძველი თბილისი მოწმობს და არა მხოლოდ, რადგან ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ფაქტი ძალიან ბევრია, შესაბამისად, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ტოლერანტები, ქართველ კაცს ტოლერანტობას ვერავინ ასწავლის, ეს ისტორიამ თქვა და მე მხოლოდ ვიმეორებ. ეს პროექტი წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს კულტურული ინტეგრაციის თვალსაზრისით და აუცილებლად იქნება „ეროვნული სამოსის დღეზე“ წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობებიც საკუთარი ტრადიციითა და სამოსით, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ის ხალხი, ვისთან ერთადაც საუკუნეები ცხოვრობს.
– მომხრეთა ძირითად კონტიგენტს ვინ შეადგენს?
ეს არის სახალხო პროექტი და მას მტერი არ ჰყავს, რადგან ამას საზოგადოება ქმნის. შეუძლებელია მსგავს პროექტს მტერი გამოუჩნდეს. პროექტი მოიცავს ნამდვილი ტრადიციების პოპულარიზაციას, ეპოქის გაცოცხლებას, ძალიან ძლიერ საჩვენებლ პროგრამას. თამამად შემიძლია, ვთქვა, „ეროვნული სამოსის დღე“ თანამედროვე საქართველოს ისტორიული ქმნილება გახდება. და ამას სწორედაც რომ საზოგადოება ქმნის.
– ძირითადი დაბრკოლებები?
– ამ ეტაპზე ძირითადი დაბრკოლება ფინანსებია. თუმცა ამაზე მიმდინარეობს თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები და ასევე კერძო სექტორთან. ინტერესი არსებობს, თუმცა საბოლოო პასუხისთვის, საჭიროა კონსენსუსი, რაც აუცილებლად მიიღწევა. სწორედ ამას ვცდილობთ, რომ მოვიძიოთ ფინანსები, რათა ეს დღე მასშტაბურად უფრო გაიზარდოს.
– შოუ „პროფილი“ უჩოხოდ, ეროვნული სამოსის დღის შემოქმედნი – რეაქცია დარბაზის და შეფასება მაყურებლის?
ჩემი და ჩემი ჯგუფის წევრის „პროფილში“ უჩოხოდ მისვლა კატასტროფა ნამდვილად არ ყოფილა. ამას თავისი განმარტება მოჰყვა კიდეც. რადგან ეს იყო პროექტის მცირე პრეზენტაცია, არ ჩავთვალეთ საჭიროდ აფიშირება გაგვეკეთებინა მხოლოდ ჩოხაზე, რადგან პირველად გავაჟღერეთ ტელევიზიით ფართო მასშტაბებზე, რომ ეს დღე მოიცავს ეთნიკურ საზოგადოებას, ამის ფონზე მხოლოდ ჩოხით მისვლა არ მივიჩნიეთ სწორად. ჩვენ ვართ სტუდენტები და ვმუშაობთ ამ დღის შექმნაზე, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩოხის ტარება არ გვიყვარს. მე პირადად, 15 წელი მეცვა ჩოხა, რადგან ვცეკვავდი, ხვალ და ზეგაც დიდი სიამოვნებით ჩავიცვამ, თუმცა რეგულარულად ვერ ვატარებ, რადგან ჩემთვის, სამსახურიდანაც გამომდინარე, არაპრაქტიკულია. საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა ჩემი „დებიუტი“ შეიძლება ითქვას, დადებითად შეაფასა, თუმცა განსხვავებულმა აზრმაც გაიჟღერა, რაც მოსალოდნელი იყო ნამდვილად და დღესაც შემიძლია ვთქვა და მუდამ გავიმეორებ, რომ ამ დღეზე მუშაობა გამჭვირვალე პროცესია და ჩვენც ყველა კითხვაზე პასუხი გვაქვს.
– გამოხმაურება – „გრანტიჭამია სუბიექტები“ დაფინანსება და წყაროები?
მსგავსი აზრიც იყო, ნამდვილად, ვერ უარვყოფ, თუმცა ჩვენ აღნიშნულ „გრანტიჭამიობასაც“ გამოვეხმაურეთ და ჩვენი პასუხი მისაღები აღმოჩნდა და ამომწურავი ყველასთვის. ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რეგისტრირებულები არ ვართ. საინიციატივო ჯგუფს არ აქვს იურიდიულად უფლება, მიიღოს მსგავს პროექტებში გრანტი. რაც შეეხება ფინანსებს, როგორც მაღლა აღვნიშნე, მოლაპარაკებები მერიასთან მიმდინარეობს და პარალელურ რეჟიმში კერძო სექტორთანაც, ეს ბიუჯეტი და დაფინანსებაც იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის.
– „ეროვნული სამოსის დღის“ საფარქვეშ სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების შემყრელები“ – ვის აერთიანებთ და რატომ?
თქვენ ძალიან მომზადებულები ყოფილხართ… მსგავსმა ფრაზამაც გაიჟღერა და მე იმ ადამიანს არ ვასახელებ – ვისგან, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომ და გაირკვა ეს ყველაფერი და ის ადამიანი გაეცნო პროექტის ყველა დეტალს. აქ არ ყოფილა საუბარი სექსუალურ ორიენტაციებზე. ჩვენ ვქმნით კულტურულ ღონისძიებას და ვსაუბრობთ აქტივობებზე, რისგანაც უნდა შედგებოდეს ეს დღე, ეთნიკური საზოგადოება არის ის საზოგადოება, რომელმაც საქართველოს ისტორიას ბევრი შემატა, მათ გარეშე წარმოუდგენელია თბილისი, შეიძლება ითქვას, ხოლო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი არცერთ კონტექსტში. რასაც გავიმეორებ მუდამ, არის ის, რომ ძალადობა ყოველთვის და ყველა ვითარებაში მიუღებელია!
– რა გსურთ შემოიტანოთ ამ დღით და ღონისძიებით?
ამ დღით გვსურს, რომ ჯერ ერთი – დაინერგოს ეს დღე საქართველოში, როგორც ეს ევროპის უმეტეს ქვეყნებში ხდება (იტალია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი, საბერძნეთი, ირლანდია, შოტლანდია და სხვანი…) საზოგადოებაში აიწიოს განათლების დონემ წარსულისა და ქართული ტრადიციების ცოდნის თვლსაზრისით და არამარტო(!), რადგან ის არასდროს ეწინააღმდეგებოდა დასავლეთს და მოდიან თანხვედრაში, გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის თუნდაც „მგზავრის წერილები“, გავიხსენოთ ვაჟა ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ და ა.შ. … ეს იქნება ახალი სიტყვა საქართველოში და ეს იქნება დღე, რომლითაც დაგვინახავს მსოფლიო, კულტურის თვალსაზრისით. მსოფლიო გაგვიცნობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი წარსულით და ისტორიული სიმდიდრით და არა მხოლოდ იმით, რომ 20 % ოკუპირებულია საქართველოსი.
The post „ეროვნული სამოსის დღე“თანამედროვე საქართველოს ისტორიული ქმნილება გახდება-დათა გვასალია appeared first on InfoLab.