4 აგვისტოს, საქართველოში ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხე გაიხსნება. თბილისში, გუდვილის ჰიპერმარკეტების ქსელის დიდი დიღმის ფილიალში გახსნილი დახარისხების კუთხე განკუთვნილია ალუმინის ქილების, პლასტმასის (PET) ბოთლების, ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისათის, რომლებიც ნაგავსაყრელზე განთავსების მაგივრად დახარისხდება და კერძო კომპანიას გადაეცემა გადასამუშავებლად.
გუდვილი პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში, სადაც აღნიშნული “მწვანე” ინიციატივა იღებს სტარტს. პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში, ნარჩენების შემგროვებელ კომპანია “სუფთა სამყარო”-სთან თანამშრომლობით.
ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და შემდგომი გადამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიდგომის დანერგვისათვის, რომლის ვალდებულებაც ქვეყანამ აიღო საქართველო–ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და შესაბამისი კანონმდებლობისა და პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებით.
პროგრამას „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR) ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია (ICMA) ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაცია CENN–თან თანამშრომლობით.
The post თბილისში ნარჩენების დახარისხება დაიწყო appeared first on InfoLab.